თეგი: Crocus City Hall

ზელენსკი: პუტინი ცდილობს, ტერაქტი უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად გამოიყენოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ცდილობს მოსკოვში, Crocus City Hall-ში განხორციელებული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად, ხალხის მობილიზებისთვის გამოიყენოს. „ჩვენ გვესმის, რომ ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გვესმის, რომ ეს მათი ოფიციალური ინფორმაციაა და სასაცილოა, როდესაც რუსეთი ცდილობდა, უერყო ის, რაც ISIS-მ თქვა. ეს, რა თქმა უნდა, სრული სისულელეა," - აღნიშნა ზელენსკიმ CBS-თან ინტერვიუში. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა სადაზვერვო სამსახურებმა გააფრთხილეს რუსეთის ფედერაცია მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ და თარიღებიც კი დაასახელეს, თუმცა ვლადიმერ პუტინმა რეაგირება არ მოახდინა. „გთხოვთ, მითხარით, თუ გააფრთხილეს, რატომ ზის სარდაფებში ადამიანი, რომელსაც ეშინია საკუთარი სიცოცხლის გამო - პუტინი. რატომ არ რეაგირებს ადამიანი, რომელსაც ასე ეშინია ყველაფრის? რატომ არ იყო დაცვა? რატომ არ იყო რეიდები? ისინი აკეთებენ ამას, როცა ნავალნის მსგავს ადამიანს, ოპოზიციონერს, უნდა ქუჩაში გამოსვლა და პუტინის წინააღმდეგ საუბარი, თქვენ ნახეთ, რა ხდება. ვნახეთ, როგორი რეიდებია, მაშინვე ციხეში მიჰყავთ, ახლობლებს ციხეში ათავსებენ, ანგარიშებს ბლოკავენ. ყოველთვის ასე რეაგირებენ. რატომ არ გააკეთეს არაფერი ამ შემთხვევაში?“ - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, კითხვაზე პასუხი მყისიერად ჩნდება, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს, უკრაინაზე თავდასხმა გაგრძელდეს. „მას სჭირდება მეტი ხალხის მობილიზება მაისამდე ან ივნისამდე, კონტრშეტევამდე. ჩვენ გვესმის, რომ მისი მობილიზაცია ჩაიშალა. ესმის, რომ არ შეუძლია არავის მობილიზება, პატიმრების გარდა. მას სჭირდება მუდმივი საპასუხო ქმედებები, რომლებსაც შეუძლიათ მისი საზოგადოების მობილიზება უკრაინის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინი მზადაა, გამოიყენოს ნებისმიერი საბაბი, რათა გააერთიანოს რუსული საზოგადოება, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის არ სჯერა და ასევე რუსი ჯარისკაცები, რომლებსაც არ სურთ ბრძოლა. ზელენსკი თვლის, რომ პუტინს არ სურს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება.  

Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად, რუსეთის დაზვერვის პოლკოვნიკი დაიღუპა - Meduza

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზში თავდასხმის შედეგად, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ტიმურ მიასნიკოვი დაიღუპა. ის მოსკოვში უკრაინის ომიდან, ოჯახთან შესახვედრად ჩავიდა, თავდასხმის დროს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა "რუსეთის ოფიცრების" სამარის ფილიალის ხელმძღვანელმა არტურ მალივანჩუკმა. ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი რესურსი Meduza ავრცელებს. მიასნიკოვი რუსეთის არმიის გენერალური შტაბის მე-3 ცალკე სპეცდანიშნულების ბრიგადაში მსახურობდა. მალივანჩუკის თქმით, ეს არის ქალაქ ტოლიატში განლაგებული რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცრაზმი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მინიმუმ 2015 წლიდან მონაწილეობს. ტერაქტის დროს დაღუპული რუსი ოფიცერი უკრაინაში სულ მცირე ბოლო ორი წლის განმავლობაში იბრძოდა. ტიმურ მიასნიკოვი ასევე მონაწილეობდა კოსოვოსა და ტაჯიკეთში მიმდინარე „რუსეთის სამხედრო ოპერაციებში.“ ბოლო მონაცემებით, მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა.  

WP: აშშ-მ რუსეთი Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილა

მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნით ადრე, აშშ-ის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს აცნობა, რომ საკონცერტო დარბაზი Crocus City Hall-ი შესაძლოა, თავდასხმის სამიზნე გამხდარიყო. ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. „სისხლიან ტერაქტამდე ორ კვირაზე მეტი ხნის წინ, აშშ-ის ხელისუფლებამ რუს ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ პოპულარული საკონცერტო დარბაზი „კროკუს სითი ჰოლი“ პოტენციური სამიზნე იყო,“ - წერს გამოცემა. მანამდე, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 7 მარტის დილით რუსეთის დაზვერვის სამსახურებს მიაწოდა წერილობითი ინფორმაცია მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.  

აშშ-ში არსებობს Crocus City Hall-ზე მომხდარი თავდასხმის მსგავსი ტერაქტის საშიშროებაზე - FBI-ის დირექტორი

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო შეშფოთებულია ქვეყანაში იმ თავდასხმის მსგავსი კოორდინირებული ტერაქტის განხორციელების შესაძლებლობით, რომელსაც გასულ თვეში მოსკოვთან ახლოს, Crocus City Hall-ის დარბაზში, რამდენიმე ათეული ადამიანი შეეწირა. ამის შესახებ საუბარია გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ხელმძღვანელ კრისტოფერ რეის გამოსვლის ტექსტში, რომელიც ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს წარედგინება. „სამართალდამცავ ორგანოებში მთელი ჩემი მუშაობის განმავლობაში, ჩემთვის რთული გასახსენებელია ისეთი დრო, როდესაც საზოგადოებისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ერთდროულად ამდენი საფრთხე წარმოშობილიყო," - ამბობს რეი და აღნიშნავს, რომ ახლა სწორედ ასეთი დროა. 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ Crocus City Hall-ში. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის, თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. WP: აშშ-მ რუსეთი Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ წინასწარ გააფრთხილა